"ჩვენი უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაა"
6 მარტი 2020
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში და წელს დასახული გეგმები გააცნო.
სამინისტროს სხვა მიმართულებებთან ერთად, მინისტრმა ხაზი გაუსვა განათლების ინფრასტრუქტურის პროექტების მნიშვნელობას.
„გასულ წელს 260 მლნ ლარით დაფინანსდა ეს მიმართულება. დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში მიმდინარეობს ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებაც. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ, 642 სკოლაში ჩატარდა 40 მლნ ლარის მცირე სარემონტო სამუშაოები და ამ კუთხით წელსაც იდენტური ბიუჯეტია გამოყოფილი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დრო საბავშვო ბაღების საკითხსაც დაუთმო. მისი თქმით, გასულ წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 ბაღის მშენებლობა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშვება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარია.